გურჯაანი
გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით).
გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. გურჯაანის სიახლოვეს არის სამკურნალო ტალახების კურორტი ახტალა, გურჯაანის ყველაწმინდის სამნავიანი ბაზილიკა (VIII-IX სს.). გურჯაანში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
სახელწოდება
„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ“ გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.
,,გურჯაანის ყველაწმინდა "
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა.
200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ მამა იოსტოსისთან (ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს.
მონასტერი კვლავ დაცარიელდა დაახლოებით 1845 წელს, როცა აქაური ბერები ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში, ხატი კი გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
არქიტექტურა:
ტაძარი აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, აფსიდა, გვერდითი ნავები და პატრონიკეები; შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა ნავი, კედელ-კამარა-გუმბათებიანად. ჩვეულებრივი კვადრატული აგურის გარდა, აქ გვხვდება საგანგებო ფორმის აგური სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალებისათვის. ნავებიცა და გუმბათიც გადახურულია ღარისებური კრამიტით.
ტაძრის ინტერიერი სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისაგან შედგება. პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით (ტრომპი კონსტრუქციაა, რომლითაც გუმბათის წრიული საფუძველი საფეხურებრივად უკავშირდება საყრდენ კვადრატს). დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე აღმოსავლეთი.
ნალისებრი აფსიდის გვერდით საკურთხევლის დამხმარე სათავსები: სამკვეთლო (ჩრდილოეთით) და სადიაკვნეა (სამხრეთით). მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული ორი გვერდითი ნავი, რომლებიც ერთმანეთს თავიანთივე სიგანის ნავით უკავშირდებიან დასავლეთის მხრიდან. სამივე ნავი ორსართულიანია, აღმოსავლეთ ბოლოებში დამატებითი სამლოცველო ეკვდერებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი სამ იარუსად განლაგებული თაღებით იხსნება და წარმოქმნის პატრონიკეს, ანუ საგანგებო ადგილს საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლებისათვის ლიტურგიის მოსასმენად. პატრონიკეებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი მეორე სართულის სათავსები.
ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ მხარეს ამ ფუნქციას ითავსებს დამატებითი სწორკუთხა მოყვანილობის სათავსი - ნარტექსი, დასავლეთ სათავსს მთელ სიგრძეზე ეკვრის და ტაძრის მშენებლობის თანადროულად მიიჩნევა. იგი ვიწრო კარით უკავშირდება ტაძრის მთავარ სივრცეს და აქვს კიდევ ერთი მცირე ზომის ნიშა ზედა სართულზე ასასვლელად. მის თავზე ღია ტერასაა, რომელსაც ადრე მოაჯირი უნდა ჰქონოდა.
ტაძარში მიმსვლელი თავდაპირველად აღმოსავლეთ ფასადს მიადგება. ის სხვა ფასადებზე მეტად არის გაფორმებული. დეკორატიული მორთულობის ძირითადი ელემენტია ქვის წყობაში თითო საფეხურით შეღრმავებული, ნალისებური თაღებით დაბოლოებული არეები, რომლებიც შიდასტრუქტურულ დანაწილებას იმეორებენ. შუა ნაწილის ორი თაღი ყველაზე მაღალია და შესაყართან დეკორატიული ჯვარი ადგათ თავზე. გვერდით ნავებში ორ-ორი თაღით, სარკმლებია. ამათგან პირველი სართულის სარკმლებს თავზე ჯვრები აქვთ გამოსახული. მოზრდილი ჯვარი უნდა ყოფილიყო საკურთხევლის სარკმლის თავზე, რომელიც კომპოზიციურ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს.
სამხრეთ ფასადზე, პირველი სართულის დონეზე შირიმით მოპირკეთებული ფართო კარია. მის თავზე შირიმისავე ქვის წყობით გამოყვანილი ყვითელი ჯვარი რიყის ქვის წყობაშია ჩასმული და შემოფარგლულია ნალისებური თაღით. ამ თაღის გასწვრივ, აღმოსავლეთით, გაჭრილია სწორკუთხა მოყვანილობის დიდი სარკმელი, რომელიც სადიაკვნეს ეკუთვნის და გვიანდელი უნდა იყოს. შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის გარშემოსასვლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ მახვილს ქმნის მის ცენტრში. რიტმულობის შთაბეჭდილების ზრდის შუა ნავის სარკმლებიც და განსაკუთრებით ორი გუმბათის ყელი დასაფეხურებული საფასადო სიბრტყეებითა და მათ შორის დატოვებული ინტერვალით. ჩრდილოეთი ფასადი არქიტექტურული ფორმებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ აქ არ არის ტაძარში შესასვლელი. ჩრდილოეთ პატრონიკეს ოთხი ღიობი. აქედან სამი სარკმელია და ერთიც კარი, რომელიც მეორე სართულის წინ ადრე არსებულ ბაქანზე უნდა გასულიყო.
დასავლეთ ფასადი ყველაზე ნაკლებადაა გამომსახველი. მთავარ მახვილად აღიქმება აგურით ნაწყობი ნალისებურთაღიანი, განიერი და მაღალი შესასვლელი, რომელიც ნარტექსის თავზე მოწყობილ ტერასას დასავლეთ პატრონიკესთან აკავშირებს.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად ნოდარ ჯორჯაძეს გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება XVII საუკუნეშივე. ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრდა დასავლეთ გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე უნდა დაფარულიყო ტაძრის კედლები ფერწერით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია აქ არსებული მოხატულობანი.
ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა. გაიწმინდა ტაძრის დასავლეთ ნაწილი მიწის საფარისაგან და გამოჩნდა პატრონიკესაკენ მიმავალი კიბის მცირე ნაშთები. სამწუხაროდ ამ სამუშაოების დროს შეიცვალა სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სახე, ამოშენდა ოთხი დიდი ღიობი და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთი ღიობი. გამაგრდა და შეკეთდა რიგი არქიტექტურული ელემენტები, რის გამოც ზოგიერთმა დეტალმა თავდაპირველი ფორმა დაკარგა. ამ სამუშაოების დროს ტაძრის სამხრეთ ფასადთან, რამდენიმე ნაბიჯში გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომელიც გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი
ექსპონატები
მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX საუკუნეების დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიისმასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.


